LIVE
📰 მერაბ კვიცარიძის ლექცია „ცისფერყანწელებზე“ და მეგობრობის უკვდავყოფა   |   📰 🕊️ ლიტერატურა მშვიდობისთვის: „კოლხური დიადემის" ღონისძიებამ ზუგდიდში ქართულ-აფხაზური დიალოგის ახალი ეტაპი დაიწყო
თემურ ელიავა

თემურ ელიავა

თემურ ელიავა დაიბადა 1987 წლის 1 აგვისტოს, ქალაქ სოხუმში. ბავშვობა და სასკოლო წლები გაატარა ზუგდიდში, სადაც დაამთავრა ზუგდიდის №4 საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჰყავს მეუღლე და შვილები.

თემურ ელიავა თანამედროვე ქართული პოეზიის გამორჩეული ავტორია, რომლის შემოქმედება განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას შინაგანი დაძაბულობის, სიჩუმის ესთეტიკისა და მინიმალისტური გამომსახველობის გამო. იგი მკითხველთან ურთიერთობას ქმნის შინაგანი მოძრაობით, დაუმთავრებლობის შეგრძნებითა და იმ კითხვებით, რომლებიც ტექსტის დასრულების შემდეგაც განაგრძობს არსებობას. სწორედ ამ თვისებების გამო თემურ ელიავას პოეზია აღიქმება როგორც მუდმივი ძიების, თვითშემეცნებისა და სამყაროს გააზრების პროცესი, სადაც პასუხი ხშირად ბოლომდე არ ითქმის, მაგრამ სწორედ ამ უთქმელობაში იბადება განსაკუთრებული ემოციური სიღრმე.
მისი შემოქმედება გამოირჩევა მეტყველების მოზომილი ფორმით, მაგრამ ამავე დროს ძლიერ შინაგან ტემპერამენტს ატარებს. თემურ ელიავას ლექსებში ხშირად იკვეთება მეხსიერების, მონატრების, ტკივილის, სიყვარულის, სულიერი მარტოობისა და ადამიანის შინაგანი გახლეჩის მოტივები. ამ სივრცეში ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის პირადი განცდა, კულტურული მეხსიერება და სიმბოლური სახეები.

დილისპირი ვიფანიაში

✍️ თემურ ელიავა
👁️ 4 ნახვა
მოაქვს მდინარეებს, ხორგიანს,
სიზმრები ტბასთან ბაზალეთის...
ყველა შემოდგომა მორგია,
მხოლოდ შენია - ლაზარეთი.
შენს სახლში ხანდახან მზეც არის -
გათბობს და გამშვიდებს ნერვებაშლილს,
ქვაბში ჩანალბობი ზეწარი,
კაცის ბედივით, დერეფანში
მოგყვება - მოგყვება სახლიანად,
თვალს გჭრის ფანჯრების ანარეკლი,
მერე მირეკავ საქმიანად,
რომ არასოდეს დამირეკო.
შვილად აყვანილებს ვერცხლით ბანდი,
ზოგს მარჯვნივ აწვენდი, ზოგს მარცხნივ.
ახლაც ყორნის ფრთას უვარცხნი,
უყვები- რა იყო მერცხლებამდე,
უმცროსი ძილბურანს იცილებდა,
მძიმე თვალებით უსმენდა,
შენს თბილ მუცელზე იძინებდა
და შენ მიდიოდი ლურსმნებთან.
კედელზე ჯვარცმის ანაბეჭდი,
როგორც მედინაში უსმანი,
როგორც მეჩეთი არაბეთში -
ერთი შიშველი ლურსმანი,
რომელსაც ჩრდილი შეუბილწეს,
შენი ხელჩანთის მოცულობის
ლოცვას იტევდა შვილობილზე
და შენ ლურსმანთან ლოცულობდი.
შენც იხსენებდი დედინაცვალს,
ჩუმად, უსიტყვოდ, უხმოდ, რაც მან
იცოდა შავი კაბის ჩაცმა,
ქმარმორჩილს ქმრის რომ აკლდა ნება,
ესეც ძლისპირია, რომ თქვას კაცმა.
თითქოს, აყარეს ყველა ჯვარცმა,
თითქოს, გატეხეს აკლდამები.
ვინც დგას მუხლამდე მდინარეში,
თეთრი ქურუმი და დავარია,
უყურე, უყურე მძინარე შვილს!
უყურე, უყურე - მთავარია.
მანაც ასი წელი მოგიაროს,
სულში აგიშენოს ნაზარეთი,
ყველა შემოდგომა მორგი არის,
მხოლოდ შენია ლაზარეთი.
← ყველა ლექსის ნახვა