გოჩა ოჩიგავა
გოჩა ოჩიგავა დაიბადა 1980 წლის 21 მარტს, ქალაქ გაგრაში. არის იურისტი, პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებული, სამართლის დოქტორი.
მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო სფეროს. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას როგორც სამოქალაქო, ისე პროფესიული განათლების მიმართულებით. ამჟამად არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორი.
გოჩა ოჩიგავა არის სამი პოეტური კრებულის, ორი უცხოენოვანი მონოგრაფიისა და 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. 2025 წელს გახდა გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის — „ერთგულება“ — გამარჯვებული და პირველი პრემიის ლაურეატი.
მისი მრავალმხრივი შემოქმედებითი ინტერესები მოიცავს პოეზიას, მუსიკალური კომპოზიციების შექმნასა და ხატვას. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების უშუალო ჩართულობით, მისი ოთხი შემოქმედებითი საღამო გაიმართა თავისუფალ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
გოჩა ოჩიგავას სამი პოეტური კრებული ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ სისტემაში.
ჩემი წერილი
მხოლოდ ეზო-კარს მივტირი განა?!
"ბალღი ვიყავი და ბალღად ვრჩები,
დასძახე ჩემი ბავშვობის ნანა..."
შენია ყველა გულისთქმა - მწველი:
პიესაც, ლექსიც, პოემაც, ესეც ...
ათი ათასი რომ გავძლოთ წელი,
ასამღერებლად გვეყოფა ესეც...
გამომშრალ ფიქრებს ძაფებზე ვკიდებ,
ხელი, ძვირფასო, ჩამჭიდე მაგრად...
შენ იყავ ჩემი კონვერტის კიდე,
დაგეწებები ვარდისფერ მარკად...
კმარა ტყვიები, კასრები დენთის....
ჭაღარაც კმარა - მტერია წვერის;
ანგელოზს ვკითხავ მისამართს ღმერთის
და გავაგზავნი პატარა წერილს...
დავწერ, რომ სული გამაძრო ნატვრამ,
დავწერ, რომ მეტი არ ძალმიძს, არა!
რისი ექსტაზი და რისი მანტრა,
შენ გქვია, შენ ხარ, სიცოცხლის ძარა!
მიყვარხარ ძლიერ, მიყვარხარ ცამდე...
აპრილი გულში უსიტყვოდ დარჩა;
ვამტვრევ ცის თაღზე ეჭვების წალდებს,
მოვდივარ, მოდი, გვეყოფა ტანჯვა...