ხათუნა ცომაია
ქალბატონი ხათუნა ცომაია თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული და ღრმად ემოციური ხმაა. მისი შემოქმედება სავსეა სევდით, შინაგანი ბრძოლით, რწმენის ძიებითა და ადამიანის სულის რთული გზის გააზრებით. ხათუნა ცომაიას ლექსებში მკითხველი ხშირად ხვდება ისეთ განცდებს, რომლებიც თითქოს პირადი ტკივილიდან იბადება, მაგრამ საბოლოოდ ყველას საერთო სულიერ გამოცდილებად იქცევა.მისი პოეზია განსაკუთრებულად გამოირჩევა გულწრფელობითა და იმ სულიერი დაძაბულობით, რომელიც სიტყვებს ლოცვის, აღსარებისა და შინაგანი პროტესტის ფორმას აძლევს. მისი შემოქმედება არაერთხელ გახლდათ დაფასებული.
ხათუნა ცომაია არის:
„თამარიონის“ ენდალმისა და ჯვრის მფლობელი;
მარიკა ბარათაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი;
მედე კახიძის სახელობის პრემიის ლაურეატი;
კონკურს „ივერიის პრემიის“ გამარჯვებული, სადაც მას გადაეცა ილია მართლის ჯვარი;
ხათუნა ცომაია აქტიურად არის ჩართული თანამედროვე ქართული ლიტერატურული ცხოვრების განვითარებაში. იგი გახლავთ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აბაშის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მნიშვნელოვან როლს როგორც პოეტის, ისე კულტურული ცხოვრების ორგანიზატორისა და მხარდამჭერის სახით.
მერამდენეჯერ
გაწამებულ წლებს შერჩენია ბოლო ფოთოლი.
ნაღველშეპარვით კითხვასა ვსვამ, ნეტავ როდემდე?!
ფიქრთა ჯებირსაც ჯიქურ არღვებს სული ობოლი…
მერამდენეჯერ მომიწია ნატვრასთან შებმა,
ვიღაცა იტყვის, ქალიაო, ნამუსახდილი…
გადამთიელიც ჩირქს მომცხებს და წამშივე ეშმა
დაქანცულ სხეულს გააშიშვლებს ვნებააშლილი…
ადევნებია ქათქათ ფიფქებს ის წრფელი გრძნობაც,
ლეშს ემსგავსება გონ-გარეშე ესე ყოველი.
ლერწში ჩამკვდარა მომტირალი თვით ვაზის მყნობაც,
ქარბუქგადავლილს დაემსგავსა ლელიანთ ველი….
უძირო თვალთა წლებში ნამზერს შეაშრა ცრემლი,
არვინ შემომრჩა მომტირალი, ოდეს მფარველი.
ხავსს მოდებულმა იმედმაც კი გამიშვა ხელი,
გარს მახვევია მომღიმარნი ფარისეველნი…
დე, შემეშველე, ზეციურო უსასრულობავ,
ფეთქვად ქცეულო, მიწავ, ფეხქვეშ გამეგე ზეწრად.
წამომეშველე, ამ ბოლოჯერ, გარდაცვალებავ,
ბოლო ჩასუნთქვავ, მიერთგულე… ნუ მტოვებ ბერწად…